კომპანია Facebook-მა, 2018 წლის განმავლობაში მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოებაზე 20 მილიონი დოლარი დახარჯა.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება. აღნიშნული მონაცემები ასახულია დოკუმენტებში, რომელიც Facebook-მა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების ფედერალურ კომისიას მიაწოდა. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცუკერბერგი კომპანიაში მუშაობისთვის ხელფასის სახით იღებს სიმბოლურ გასამრჯელოს - 1 დოლარს წლიურად, თუმცა კომპანია ამის კომპენსირებას სწორედ მის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახდენს. 2018 წელს ამ კომპენსაციის მოცულობამ 22,6 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან 20 მილიონი დაიხარჯა უშუალოდ ცუკერბერგის პერსონალურ უსაფრთხოებაზე, როგორც შინ, ისე გარეთ. ამ სერვისით მისი ოჯახის დაცვაც ხდებოდა.
დაახლოებით 2,6 მილიონი Facebook-მა მარკ ცუკერბერგის პერსონალური ავიატრანსპორტით მომსახურებაზე დახარჯა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ცუკერბერგის უსაფრთხოებაზე დანახარჯები წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2016 წელს ამისთვის მხოლოდ 5,1 მილიონი დაიხარჯა, 2017-ში კი 7,6 მილიონი. ტელეკომპანიის ცნობით, ცუკერბერგსა და მის ოჯახზე უსაფრთხოების კუთხით ხარჯების ზრდა მის ირგვლივ გასულ წელს აგორებულმა სკანდალებმა გამოიწვია.