რა ქონებას ფლობს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

ყოფილი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობას დავით ონოფრიშვილი ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. მის მიერ 2019 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ონოფრიშვილი ფლობს კასპში, სოფელ კავთისხევში 2400 კვ.მ მიწის ფართობს და მსუბუქ ავტომანქანა Toyota RAV4-ს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ონოფრიშვილს, საბანკო ანგარიშებზე 3200 ლარი და 6700 დოლარი ჰქონდა. 2018 წელს ონოფრიშვილმა შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიაში" მრჩევლის თანამდებობაზე 25 ათასი დოლარი მიიღო.

დავით ონოფრიშვილი ცხოვრობს მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. მისმა მეუღლემ გასულ წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან პროექტის ოფიცრის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით, 96266,87 ლარი აიღო. დეკლარაციის შევსების მომენტში ონოფრიშვილის მეუღლე ქალაქ მცხეთაში 185 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ფლობს. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, სხვადასხვა ანგარიშზე 1400,03 ლარი აქვს. ასევე მისი ერთ-ერთი შვილი ფლობს, 14 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, 99 კვ.მ ბინას ასევე თბილისში, 79 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, 18,47 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს თბილისში და ასევე 93,41 კვ.მ ბინას თბილისში.

ლიკა ამირაშვილი