მარნეულში, სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარნეულში შეკრებილ მოქალაქეებს.
პრემიერმა „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა, რომ მარნეული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს, სწორედ ამიტომ სახელმწიფო ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩადებულ ინვესტიციას სამჯერ გაზრდის.
„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული ენერგიისა და მუხტის მატარებელია, ჩვენ როგორც ერთი ქვეყნის შვილები, საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვგდავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები და მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების. მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.