"სამუშაო ძალის დონორი ქვეყანა არ უნდა ვიყოთ"

"მოსახლეობა ისედაც შემცირებულია და ახლა უკვე ორგანიზებულად გავუშვებთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამით საქართველო დაკარგავს შრომისუნარიან აქტიურ ძალას. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და კვალიფიციური კადრები დასაქმდნენ..."

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წლის მიწურულისთვის უკვე გვექნება იმის ამსახველი კონკრეტული ციფრები, რომ საქართველოს მოქალაქეები განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმდნენ, - ეს მან ერთ-ერთი ტელევიზიით განაცხადა. ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, მომავლისთვის ეს ინიციატივა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

- ქვეყნიდან დაახლოებით მილიონი მოქალაქეა გასული უცხოეთში სამუშაოდ, რათა საქართველოში ოჯახები შეინახონ. ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით რომ დავთვალოთ, არანაკლებ 8 მილიარდი დოლარის მთლიანი ეროვნული პროდუქტი იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს კოლოსალური რიცხვია. ეს მათი შემოსავალი კი არა, მათი შრომით შექმნილი დამატებითი ღირებულებაა, რომელიც აძლიერებს იმ ქვეყნების ეკონომიკას, იმ ქვეყნების ფისკალურ პროცესში მონაწილეობს, სადაც ჩვენი შრომითი მიგრანტები ლეგალურად თუ არალეგალურად საქმიანობენ.

მოსახლეობა ისედაც შემცირებულია და ახლა უკვე ორგანიზებულად გავუშვებთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამით საქართველო დაკარგავს შრომისუნარიან აქტიურ ძალას. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და კვალიფიციური კადრები დასაქმდნენ. უნდა იფიქროს ისეთი პირობების შექმნაზე, რომ ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ სტიმული და დაბრუნდნენ სამშობლოში.

- ანუ ივანიშვილის ეს ინიციატივა ქვეყნისთვის არ იქნება სასიკეთო?

- არალეგალურად და ხიფათიან გასვლას, რა თქმა უნდა, ორგანიზებულად და ხელისუფლების ხელშეწყობით გასვლა სჯობია. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეების მოტყუების შანსი დაბალია. თუ სახელმწიფო ამაზე პატრონაჟს აიღებს, კარგია, მაგრამ მოკლევადიანი პერსპექტივით. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი უნდა ვიფიქროთ მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებაზე, რათა დოვლათი შევქმნათ.

- კვალიფიციური კადრები ქვეყნიდან გასვლას და ლეგალურად დასაქმებას ხომ ისედაც ახერხებენ და ივანიშვილის ეს ინიციატივა­ რით იქნება განსხვავებული?

- საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ის არის, რომ ხელისუფლება განსაზღვრავს თამაშის წესებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს. დანარჩენი თვითონ ინდივიდებმა უნდა უზრუნველყონ. ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ ეს პროცესი მეტად ორგანიზებულ და ცივილიზებულ სახეს მიიღებს. სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს დაიცავს, მაგრამ მთლიანობაში ეს ინიციატივა დასაფიქრებელია, ჩვენ სამუშაო ძალის დონორი ქვეყანა არ უნდა ვიყოთ.

- რომელ ქვეყნებთან შეიძლება ხელისუფლება აწარმოებდეს მოლაპარაკებებს?

- ამაზე ლაპარაკი იყო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, როდესაც ის საქართველოში იყო ჩამოსული. ლაპარაკია პოლონეთთან, ისრაელთან... ეს ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ იაფი კვალიფიციური მუშახელი მიიღონ. ეს ხომ მათი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოში გადმოგზავნილ ყოველ ერთ დოლარზე ასეთ ქვეყნებში 6-7 დოლარის დამატებითი ღირებულება იქმნება.

- მაშინ ამან საქართველოს რა შეღავათი­ შეიძლება მოუტანოს?

- მინდა შავი იუმორის ერთი ფრაზა­ ვთქვა: დარჩენილ მოქალაქეებს მეტი ჟანგბადი შეხვდებათ. საქართველოში დარჩენილების სოციალური ყოფა გაუმჯობესდება. მაგრამ ჩვენ მარტო დასაქმებაზე არ უნდა ვიფიქროთ, ყველა ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ: სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული თუ კულტუროლოგიური.

წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 15 აპრილის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად