რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან

2019 წლის იანვარ-თებერვალში თამბაქოს რეალიზაციიდან ბიუჯეტში 111,5 მლნ ლარი უკვე შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,6%-ით მეტია. 2018 წლის 2 თვეში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტმა 92,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

ზრდა ძირითადად იმ ცვლილებებმა განაპირობა, რაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა - ეს არის ადვალური გადასახადი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო თამბაქოზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდა.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 2 თვეში ბიუჯეტში საქართველოში წარმოებული თამბაქოს რეალიზაციიდან შევიდა 19 171 248 ლარი, რაც თითქმის 10 მლნ ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს ეს თანხა 9 431 994 ლარს შეადგენდა. თითქმის 4 მლნ ლარით გაიზარდა ხაზინაში ადვალური გადასახადიდან შესული თანხის მოცულობა. 2018 წლის 2 თვეში ადვალური გადასახადის სახით ბიუჯეტში შევიდა 11,3 მლნ ლარი შევიდა, 2019 წელს კი - 15,4 მლნ ლარი.

2018-2019 წლების იანვარ-თებერვალში თამბაქოს რეალიზაციიდან ბიუჯეტში შესული თანხა:

  • 2018 წელი - 92 448 037 ლარი
  • 2019 წელი - 111 529 718 ლარი

შეგახსენებთ, რომ 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო. აღნიშნულ სხვაობას კი სპეციალისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზად მიიჩნევდნენ, რომელიც თამბაქოს ბიზნესს აძლევდა საშუალებას, ფილტრიანი სიგარეტი უფილტროდ გაესაღებინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 45-50 მილიონ ლარს კარგავდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტში სიგარეტის რეალიზაციიდან შესული თანხის მოცულობა ბოლო წლებია მუდმივად იზრდება. თუ 2016 წელს ქვეყნის მთავარ ხაზინაში სიგარეტის რეალიზაციიდან 643,4 მლნ ლარი შევიდა, 2018 წელს ამ თანხამ 780,2 მლნ ლარი შეადგინა.

სიგარეტის რეალიზაციიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა:

  • 2016 წელი - 643 429 213 ლარი
  • 2017 წელი – 769 439 898 ლარი
  • 2018 წელი – 780 279 452 ლარი

ელზა წიკლაური