თაღლითობა, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თქვენი ფული სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდეს

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა 5 წუთის ინტერვალით ზედიზედ რამდენჯერმე განხორციელდა და ჯამში, 401 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი საჩივრით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, თუმცა როგორ და რა სქემით შეიძლება მომხდარიყო გადარიცხვა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

„ანგარიშიდან თანხა ზედიზედ 3-ჯერ ჩამომეჭრა. ჯერ - ერთი ლარი, შემდეგ ორჯერ - 200-200 ლარი ჩამომეჭრა. შესაბამისად, ჯამში, 401 ლარი შეადგინა. როგორც „ეს ემ ეს“ შეტყობინებაში ეწერა, ერთ-ერთი სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა. მივმართე საგამოძიებო უწყებას და დაველოდები გამოძიებას“,-აცხადებს მოქალაქე.

კიდევ ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მისი სახელფასო ანგარიშიდანაც ჩამოჭრა რამდენიმე ეტაპარად განხორციელდა, ჯამში კი 201 ლარი შეადგინა.

„ჩემი ანგარიშიდან ჯერ ჩამომეჭრა 1 ლარი, შემდეგ 2-ჯერ 50- 50 ლარი, მეოთხედ კი, - 100 ლარი. ჯამში 201 ლარი. შეტყონებაში ეწერა, რომ ეს თანხა ონალინ კაზინოს ანგარშზე გადაირიცხა. მართლია, ბარათი დაზღვეული მქონდა და თანხას ბანკი ამინაზღაურებს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას უკვე მივმართე, ვნახოთ, რა გაირკვევა“,-ამბობს დაზარალებული.

ასევე ონლაინ თაღლითობის მსხვერპლია „ბიზნესპრესნიუსის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, რომლის ანგარიშიდანაც 37 ლარი კვლავ სათამშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდა.

„ჩემი ანგარიშიდან 37 ლარი ჩამომეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარშზე გადაირიცხა. არ ვიცი, რა სქემით მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, თაღლითობასთან გვაქვს საქმე“,-აცხადებს დაზარალებული.

როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეეებმა მსგავსი თაღლითობისგან, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა პირადი მონაცემის მაქსიმალურად დაცვა. მათ შორის, ოჯახის წევრებისგანაც, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი გადარიცხვები ახლობელმა, ან ოჯახის წევრმა განახორციელა.

„ჩვენი საკონსულტაციო ცენტრისთვის საკმაოდ დიდი ხანია მსგავსი პრობლემით არავის მოუმართავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები.

პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა მონაცემი. ჩვენს პირადობაზე ხელი არა თუ უცხოებს, ოჯახის წევრებსაც არ უნდა მიუწვდებოდეს, რადგან როგორც მოგახსენეთ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქის ანგარიშიდან დაფიქსირდა გადარიცხვა და შემდეგ უკვე შესაბამისი გამოძიების ჩატარებისას აღმოჩენილა, რომ მისი მონაცემები ოჯახის წევრმა ან ახლობელმა გამოიყენა.

რა თქმა უნდა, ბარათის დაზღვევა არის კარგი საშუალება. თუმცა ამის გარეშეც, თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, აუცილებელია, მივმართოთ პოლიციას, დაიწეროს საჩივარი და გამოძიების ფარგლებში, თუ კონკრეტული მოქალაქის ბრალეულობა არ დაფიქსირდა, ანუ ეს იყო კიბერ შეტევა ან ბანკის პროგრამული დაუცველობიდან გამომდინარე, ბანკი ვალდებულია მომხმარებელს თანხა აუნაზღაუროს“,- აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური