მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.
მათივე ინფორმაციით, 2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. გასულ წელს, მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე 112%-ით მეტმა, 27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა: +38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები; +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები; +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები;+31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები; +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები.
ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა.
„მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მყოფი ტურისტებისთვის აჭარა მხოლოდ ზღვასთან აღარ ასოცირდება. ისინი აქტიურად სტუმრობენ ყველა იმ ტურისტულ მარშრუტსა თუ ადგილს, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ბოლო წლებია ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკო და სოფლად ტურისტული მარშრუტების განვითარება და ახალი საინტერესო მიმართულებების შექმნა, თემატური ფესტივალების ჩატარება, გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ტურების ორგანიზება და აჭარის მთებში მოგზაურობის პოპულარიზაცია“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.