ევროკავშირის ქვეყნები თანახმანი არიან, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ისევე როგორც თვეების განმავლობაში, ამის წინააღმდეგი კვლავ საფრანგეთი წავიდა, თუმცა ხმების უმრავლესობით, მოლაპარაკების დაწყება გადაწყდა. ძველი კონტინენტის მხრიდან, მოლაპარაკებას ევროკომისია წარმართავს.
ევროკომისიას მოლაპარაკებისთვის უკვე განსაზღვრული აქვს ორი ძირითადი მიმართულება: ერთია სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების შემცირება. მეორე მიმართულება კი, ნებისმიერ პროდუქციაზე ევროკავშირის და აშშ-ის სტანდარტების დაახლოებაა, რაც მწარმოებლებს მეტ თავისუფლებას მიანიჭებს.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შარშან ივლისში მიაღწიეს დროებით შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა, რომ დააყოვნებდა ევროპულ ავტომობილებზე და არასაავტომობილო სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების შემოღებას.
ევროკომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ განიხილავს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფებს და რომ მის ძირითად ინტერესს, საავტომობილო და მრეწველობის სხვა სფეროები წარმოადგენს. ტრამპის ადმინისტრაციის სიაში კი ერთ-ერთ ძირითად ადგილს, სწორედ სოფლის მეურნეობა და შესაბამის ბაზარზე წვდომა იკავებს.
აშშ-სთან მოლაპარაკებით, ყველაზე მეტად გერმანიაა დაინტერესებული, რადგან ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი გერმანულია. ფრანგული ავტომობილები კი ამერიკაში თითქმის არ შედის და შესაბამისად, ამ ქვეყნის დაინტერესება ნაკლებია. ამასთან, საფრანგეთს სურდა, რომ მოლაპარაკების დაწყება, ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ გადადებულიყო. ამასთან, საფრანგეთს არ სურს, რომ მოლაპარაკება სოფლის მეურნეობას შეეხოს. სამაგიეროდ, მის ინტერესებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების წინ წამოწევაა.