ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიამ აღნიშნული პროექტის შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორია 1100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სს „ნენსკრა ჰიდრო“ პროექტირების, მშენებლობისა და აღჭურვილობის ხარჯებს სრულად დაფარავს.
სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, კომპანია 2017 წლიდან ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება.
“სოფელ ჭუბერში, სადაც 1200 ადამიანი ცხოვრობს, ორი საჯარო სკოლაა, თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად. კულტურის განახლებული სახლი და სპორტკომპლექსი ჭუბერის ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, ხელოვნების მათთვის სასურველ დარგს დაეუფლონ და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ამგვარად, კომპანია ხელს შეუწყობს ჭუბერის კულტურულ განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას” - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.