აშშ-მ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შესაძლოა, საჭირო თანხის 17,83%-ს  დაფაროს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხანძრის შედეგად განადგურებულია, 850-წლიანი არსებობის განმავლობაში რესტავრაციას არაერთხელ დაქვემდებარებია. სწორედ ასე მოხდება ახლაც. ტაძარი, რომლის აღდგენისთვის მილიონობით დოლარია საჭირო, უკვე გახდა მსოფლიო მედიის ინტერესის საგანი.

როგორც Washington Examiner-ი წერს, ამერიკას და საფრანგეთს ისტორიაში ბევრი რამ აკავშირებთ, ამიტომ ამერიკის ვალია მიიღოს მონაწილეობა ამ ისტორიული ტაძრის აღდგენაში. სწორედ ამ მიზნით აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კონსულტაციების გამართვას ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც ის თხოვნით მიმართავს კონგრესს, გაიღოს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სრული თანხის 17.83%. ეს ციფრი სპეციალურად არის შერჩეული - სწორედ 1783 წლის „პარიზის შეთანხმების“ შედეგად დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა აღიარა.

პარიზში ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. 850 წლის გოთიკურ ტაძარში ხანძარმა სახურავი დააზიანა, თუმცა მთავარი სტრუქტურა, მათ შორის, ორი სამრეკლო გადარჩა. ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.