საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
“ეს წინადადება არის არგუმენტირებული. 28 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოცხადდა. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად არის შემოთავაზება, რომ პლენარულ სხდომთა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდია ის პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება გაბედა.
დეპუტატ მირიან წიკლაურის თქმით კი, ამგვარი გადაწყვეტილება აქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული და მნიშვნელოვანია, რომ იდეას დღეს შეესხა ხორცი.
„ზვიად გამსახურდიას სახელის დაფასება უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს“, - აღნიშნა მირიან წიკლაურმა.