სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა.
როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული კამპანიის პრეზენტაციისას განაცხადა, მისი მიზანი საზოგადოების წევრების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა, რათა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა რეალურად შეფასდეს.
„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კამპანიის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის, ასევე ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები.