"სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, რომ როგორც გზებზე უსაფრთხოება, ასევე საგზაო მოძრაობის წესები ყველამ დავიცვათ"

სოციალური კამპანიები არასოდეს არ არის კომფორტული, ის მიმართულია ჩვენს ემოციებზე, მათ შორის გონებაზეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შსს-ს ახალ კამპანიაზე საუბრისას განუცხადა. ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის კამპანიები უფრო დასამახსოვრებელი და ეფექტურია.

"ავტოსაგზაო შემთხვევები და ის როგორ შეუძლია ამ ავტოსაგზაო შემთხვევებს ჩვენი და იმ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს ვინც ჩვენს გარშემო არის, ძალიან კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ის სტატისტიკა - 6 600 ადამიანი 10 წლის განმავლობაში და თუნდაც 1 ადამიანის სიცოცხლეც კი ღირს იმად, რომ ჩვენ ყველანი დავფიქრდეთ როდესაც ვჯდებით საჭესთან, როდესაც ვმართავთ მანქანას ან როდესაც გადავაადგილდებით გზაზე. სოციალური კანპანიები არასოდეს არ არის კომფორტული, ის მიმართულია ჩვენს ემოციებზეა, მათ შორის გონებაზეც. არაკომფორტული კამპანიები უფრო მეტად დასამახსოვრებელია. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ეს კამპანია დაგეგმა და მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, საზოგადოება ამას კარგად არ მიიღებდა, გაბედეს და გვაიძულეს პრობლემისთვის თვალი გაგვესწორებინა. მინდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ როგორც გზებზე უსაფრთხოება, ასევე საგზაო მოძრაობის წესები დავიცვათ ყველამ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.