საქართველო არალეგალური ვაჭრობის ერთ დიდ ხვრელად გადაიქცა, ხოლო მისი იმპორტიორი კომპანიები რუსეთის ფედერაციაში შექმნილი ჩრდილოვანი ეკონომიკის სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ - ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია HUB-GEORGIA –ს მომზადებული კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველო გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების ნაცვლად, სატრანსპორტო თუ სავაჭრო დერეფნებს იმდენად არაკომპეტენტურად იყენებს, რომ ამით მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი იღებს სარგებელს.
„ერთის მხრივ ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა (WTO) და მეორეს მხრივ, მეზობელი ოკუპანტი ქვეყანის არალეგალური სქემის მონაწილეობა ძალიან დიდ დარტყმებს მიაყენებს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეკონომიკას სამომავლოდ. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურად მიბმულობის (ექსპორტი, გზავნილები) მაჩვენებელი მზარდი და ფაქტობრივად, დომინანტია, რაც მომწოდებლების ბაზრის დივერსიფიკაციის არსებობას გამორიცხავს ისეთი სტრატეგიული პროდუქტებზეც კი, როგორიც მარცვლეული კულტურები და კერძოდ ხორბლის ექსპორტია საქართველო ფაქტობრივად სრულად დამოკიდებულია რუსეთზე.
2014 წლიდან დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთში ჩნდება ფულის მოზიდვის ე.წ. „ახალი შესაძლებლობების“ სქემა. ანუ მანამდე არსებობდა სისტემა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ რუსეთს მართავდა, შესაბამისად, ამ სისტემის ქვეშ გააცოცხლეს სქემა, რომელიც სანქცირებული რუსეთის ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზრდას ემსახურება და ამ სქემის სათავეში ექცევა რუსეთის უსაფრთხოების სამსახური (ФСБ). ამ სქემის ერთ-ერთ წამყვან პროდუქტად იქცა ხორბალი, რომელმაც რუსეთში შემოსავლიანობის თვალსაზრისით ნავთობპროდუქტებსაც კი გაუსწრო. მაგალითისთვის: 2019 წელს დაგეგმილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის საერთო მოცულობის 25 მილიარდი დოლარიდან 10 უშუალოდ მარცვლეულმა კულტურებმა უნდა შეავსოს, ამას ემატება 7მლრდ. მარცვლეული კულტურებიდან ნაწარმოები ზეთი და ცხიმპროდუქტები. ანუ, საუბარია 15-17 მილიარდ დოლარზე წელიწადში, რაც უზარმაზარი ციფრია სანქციებით გარშემორტყმული რუსეთის რელობაში. არსებული რესურსების და რეგულაციების პირობებში აეწყო სავაჭრო სქემა, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საერთაშორისო ვაჭრობას მიება, ანუ არალეგალური ვაჭრობა არა რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, არამედ მეზობელ ქვეყნებთან, რომლებთანაც რუსეთს, შედარებით მცირე მანძილზე სახმელეთო გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა. სწორედ ასეთი ქვეყნებია საქართველო და სომხეთი, რომლებიც რუსეთისთვის სხვა პოლიტიკურ ინტერესებთან ერთად შავი ფულის აკუმულირების შესაძლებლობად იქცა.
სქემა საკმაოდ მარტივია: რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, ყველა საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა იყოს აღრიცხული, მას უნდა ჩაუტარდეს ფიტოსანიტარული კონტროლი, რომლის შემდგეგაც ფერმერს ეძლევა კვოტა გადაზიდვის უფლებით, სხვა შემთხვევაში ეს მარცვლეული შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გაიყიდოს, ბუნებრივია, ძალიან შეღავათიან ფასად. ასეთი რეგულაციების პირობებში, გასულ წელს რუსეთში შექმნეს ფაქტობრივად ახალი ხელოვნური სტრუქტურა - მარცვლეულისა და ხორბლის მწარმოებელთა კავშირი, რომელიც ადგენს საექსპორტო მარცვლეულის კვოტებს და აყენებს ფიტოსანიტარულ, მათ შორის ფუმიგაციის (მწერებისგან გაწმენდა) მოთხოვნებს. ახლა უკვე ეს კავშირი და სავარაუდოდ მის უკან მდგარი ФСБ წყვეტს რამდენი ხორბალი აღირიცხოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის ანუ ოფიციალური ბიუჯეტის შევსებისთვის და რამდენი იქნას ე.წ. დაწუნებული და გადაყიდული რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა (კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები ჩრდ. ოსეთი და ა.შ.) ამ რეგიონებში სახელდახელოდ შექმნილ შპს-ებზე, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ აღნიშნული ხორბლის საქართველოსა და სომხეთში რეალიზაციას“, - აღნიშნულია კვლევაში.
კითხვაზე, რატომ არის პრობლემა ასეთი ტიპის ხორბალი შემოვიდეს ქვეყანაში, კვლევის ავტორები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:
„პირველი - ის, რომ ამ ტიპის ხორბალი საქართველოში შემოდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა დიდი უმრავლესობა ნახევრად დახურულია და ალბათობა იმისა, რომ ის გზად შეიძლება დაიფანტოს ან მასში მოხდეს სხვადასხვა მწერების შეღწევა ძალიან დიდია. რა პრობლემაა მარცვლეულის გზად დაბნევაში? - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს „შავი ხორბალი“ არ არის გამყარებული ფიტოსანიტარული დასკვნით და წარმოშობის სერთიფიკატით - ალბათობა იმისა, რომ ეს იყოს ეკოლოგიურად დაბინძურებული, რაც ჩვენი ტერიტორიის დაბინძურების წინაპირობაცაა - ასევე ძალინ დიდია. მაშინ როცა, საზღვაო გადაზიდვებისას საერთაშორისო ვაჭრობის კანონმდებლობიდან გამოდინარე ყველა ეს დოკუმენტი აუცილებლობას წარმოადგენს.
მეორე - „შავი ხორბლით“ ვაჭრობა წარმოებს ნაღდი ანგარიშსწორებით (99%) რაც პირდაპირ აჩენს კითხვას - როგორ აღირიცხება ეს ფული რუსეთის ბიუჯეტში? აღირიცხება კი საერთოდ? დიდი ალბათობით (99%) არა!! მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ რუსეთის “არაკანონიერ ფულად რეზერვს“, რომლელიც მარტივი მისახვედრია, რომ რუსეთის კეთილ ზრახვებს არ ხმარდება, და რომელთა სამიზნე ათეულობით წლების მანძილზე საქართველოცაა. მაშინ როცა საზღვაო გადაზიდვებისას საერთაშორისო ვაჭრობის კანონმდებლობიდან გამოდინარე - ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით.
მესამე - ამ სქემის ერთ-ერთ უნებლიე რგოლად იქცნენ საქართველოს მოქალაქეები -მძღოლები ან ავტოტრანსპორტის მფლობელები, რომლებმაც საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, რუსეთიდან ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვა, ოჯახების გამოკვების შესაძლებლობად აღიქვეს, ამ მხრივაც სახეზეა რუსეთის ე.წ. „რბილი ძალა“ როდესაც ის შავ-ბნელ სქემას ისე ფუთავს, თითქოს და გისაქმებს შენს მოქალაქეებს, ზრდის მათ კმაყოფილებას და თუ დასჭირდა, სოციალური აფეთქების მცდელობასაც შეეცდება... . 2014 წლიდან დღემდე ამ ბიზნესში 400-მდე ავტოტრანსპორტია ჩართული, ამაში შედის სომხეთის ტვირთებზე მომუშავე ქართული ა/მანქანებიც. მაშინ როდესაც არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ხორბლის საერთაშორისო გადაზიდვა ავტოტრანსპორტით არ ხორციელდება.
მეოთხე - საქართველოში არ არსებობს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი, რაც მნიშვნელოვანი ფილტრის ფუნქციას შეასრულებდა საქართველოში გაუკონტროლებელი ხორბლის შემოტანის ალბათობის შესამცირებლად. რაც ასევე გააუმჯობესებდა ქვეყანაში ფქვილისა და პურის წარმოების ხარისხს.
მეხუთე - აღნიშნული სქემით ხდება საქართველოს სატრანსპორტო სეგმენტში არათანაბარი კონკურენტული გარემოს დამკვიდრება და ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ დარგების კვდომას გამოიწვევს, დღეს ფაქტობრივად უფუნქციოა საქართველოს რკინიგზა, რომელიც, წესით ფოთში შემოსული ხორბლის შიდა გადაზიდვას უნდა ახორციელებდეს... დღეს რკინიგზის კონკურენტად „ტრაილერები“ გვევლინებიან რაც პარადოქსია. მსოფლიო ტენდენციები ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებასთან და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოზე, რატომღაც, უკუღმა აისახება.
მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩრდილოელ მეზობელთან არათანმიმდევრულ პოლიტიკამდე მივდივართ. სად არის ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია, მსოფლიო ბაზრების დივერსიფიკაციასთან და სტრატეგიული დარგების განვითარებასთან მიმართებაში?! ადვილი წარმოსადგენია თუ რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთის მიერ დღეს გახსნილი „შემოსავლის კორიდორი“ ხვალ უცაბედად დაიხურება“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.