"ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშება სისტემური ხარვეზია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება"

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშება სისტემური ხარვეზია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, 2018 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის სამსახურში დარეგისტრირდა უამრავი განცხადება, რომლის თანახმად, მომხმარებლები გამოხატავდნენ პრეტენზიებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დარიცხვა განხორციელებული იყო მომდევნო საფეხურის გაზრდილი ტარიფით. ვარდიაშვილი ასევე პრობლემად ასახელებს, ავარიულ ელექტროგაყვანილობებს, რაც ადამინებისთვის საფრთხის შემცველია.

„ეს არის სისტემური ხარვეზი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. პრობლემურია ელექტროგადამცემი სადენებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ამავდროულად გავლენას ახდენს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. ხშირი იყო მრიცხველის მწყობიდან გამოსვლის ფაქტებიც, რაც იწვევდა აღრიცხვიანობის დარღვევას და ზოგიერთ შემთხვევაში დარიცხული თანხის არასწორად განსაზღვრავს“, - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში 5594 განცხადება დარეგისტრირდა და 1.2 მლნ ლარი ჩამოიწერა.

ამასთან, 2018 წელს წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5594 განცხადება დარეგისტრირდა, კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4056 რეკომენდაცია, მარეგულირებელ კომისიაში 682 შუამდგომლობა.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების დარგი კვლავ ლიდერია.

„გასულ წელს ყველაზე მეტი, 3102 განაცხადი წყალმომარაგების დარგზე მოდის, შემდეგია ბუნებრივი გაზი 1485 განცხადებით. ელექტროენერგეტიკაზე კი 1007 განაცხადი შემოვიდა ენერგოომბუდსმენის აპარატში. გასულ წელს ჩამოიწერა 1 278 630,31 ლარი, 5 წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამი კი 11 მილიონ ლარზე მეტია“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.