ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორმა მაია წერეთელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.
„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია ჩვენთვის. როგორც იცით, ტურიზმის სექტორში 10 000-დან 12 000-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ ყოველ წელს 7-10 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ მიზნით შესაბამის ინფრასტრუქტურას ვქმნით. კოლეჯი ყოველწლიურად 2 000-მდე სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის სპეციალისტს მოამზადებს. პროფესიული გადამზადება და ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა ქობულიამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის სასწავლო კურსი საუკეთესო ამერიკული და ევროპული ანალოგიური კურსების შესაბამისად მომზადდება, ხოლო სერტიფიკატები, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ, იქნება საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ისინი დასაქმებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
„ამიტომ ეს ქმნის დასაქმების უნივერსალურ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ კოლეჯის დაფინანსების სურვილი საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერტიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.
GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.