გოლფის ცოცხალი ლეგენდა, ტაიგერ ვუდსი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა - 2008 წლის შემდეგ პირველად მეიჯორი მოიგო და ოგასტაში მასტერსის გამარჯვებული გახდა.
თაყვანისმცემლებს აღარ ჰქონდათ იმედი, რომ ზურგის დაზიანებების გამო სპორტსმენს გოლფის მინდორზე კვლავ იხილავდნენ. მოგების შედეგად კი ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა 1.6 მილიონი ფუნტი მიიღო.
„ფორბსის“ 2016 წლის მონაცემებით, ვუდსის ქონება 740 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 115 მლნ დოლარი მან ტურნირების მოგებებით, დანარჩენი თანხა კი - სარეკლამო გარიგებებით გამოიმუშავა. ის მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი სპორტსმენია, პირველი ადგილი სიაში კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს უკავია.
ვუდსს ჰქონდა მომგებიანი გარიგებები ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის „ნაიკი“, „ტეილორ მეიდი“, „ბრიჯსტოუნი“ და „მონსტერ ენერჯი“. 2017 წლიდან სარეკლამო გარიგებების შედეგად მან 42 მლნ დოლარი გამოიმუშავა.