"გვინდა რომ კანონი სრულდებოდეს და ადამიანები არ იხოცებოდნენ შრომისას"

ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია, ჩვენ გვინდა რომ კანონი სრულდებოდეს და ადამიანები არ იხოცებოდნენ შრომისას, - ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილზე გააკეთა, სადაც რამდენიმე საათის წინ სამი მუშა დაშავდა.

„ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა შრომის ისნსპექცია, რომელიც საერთოდ ძლივს არსებობს და სულს ღაფავს, არც დამსჯელობითი ფუნქცია არ აქვს, არც თავისი ინიციატივით არსად შესვლის უფლება არ აქვს, მხოლოდ მიწვევის შემთხვევაში აქვს უფლება, რომ შევიდეს და ობიექტი ნახოს. ვინ მიიწვევს მათ, როცა იციან, რომ დარღვევები აქვთ. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული თავისუფალ ნებაზე, სავალდებულო უნდა იყოს და დამსჯელობითი ფუნქცია უნდა გააჩნდეს. ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფო, მაშინ უნდა გვქონდეს ადეკვატური შრომის ინსპექცია და არა ეს "ვითომ შრომის ინსპექცია". მოვიდა ეს "ვითომ შრომის ინსპექცია", თუმცა ისინიც კი არ შემოუშვეს აქ თავდაპირველად, რაც არის საქართველოს კანონის დარღვევა, ჩვენ ამაზე მივუთითეთ, ვაბრახუნებდით კარებზე და ვითხოვდით, რომ ობიექტზე შრომის ინსპექცია შემოეშვათ, რაც არ მოხდა და ამან გამოიწვია ის მცირე აყალმაყალი, ლამის ფეხი მომტეხეს, მაგრამ არა უშავს, გადავიტანთ, ხალხი იხოცება. 1000- ზე მეტი ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ბოლო 7 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გადავიტანთ მცირე აყალმაყალს. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია, ჩვენ გვინდა, რომ კანონი სრულდებოდეს და ადამიანები არ იხოცებოდნენ შრომისას". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.