"პოლიტიკური ტურიზმი" მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება

"ადამიანები აქ ყოველ დღე მოდიან, რათა ნახონ შოუ"

ბოლო რამდენიმე წელია ექსტრემალურ ტურიზმზე, მათ შორის პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონებში მოგზაურობაზე მოთხოვნა წელიწადში 65%-ით იზრდება და მისი ბრუნვა უკვე ფასდება 263 მლრდ დოლარად. ამის შესახებ kommersant.ru წერს და გარკვეული მაგალითებიც მოჰყავს.

სირია-ისრაელის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში მდებარე დანგრეული ქალაქი ელ-კუნეითრი დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად დაუსახლებელი იყო. თუმცა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, აქ ტურისტები ჩამოვიდნენ, რომელთაც ამ ადგილში საბრძოლო მოქმედებებისთვის მშვიდად დაკვირვების შესაძლებლობა იზიდავდა. "ადამიანები აქ ყოველ დღე მოდიან, რათა ნახონ შოუ",- ამბობს გიდი კობი მარომი, რომელიც ისრაელის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო.

შავი ტურიზმის შემსწავლელი ინსტიტუტის (დიდი ბრიტანეთი) დირექტორის, ფილიპ სტოუნის თქმით, ”საბრძოლო მოქმედებები უქნარებს ჯერ კიდევ ვატერლოოს ბრძოლების დროს იზიდავდა, თუმცა ახლა ჩვენ ამ გამოვლინების კომერციალიზაციას ვაკვირდებით - ეს მოვლენა თანდათან ხდება ტურინდუსტრიის ნაწილი”.

2006 წელს შექმნილი ბრიტანულ-პაკისტანური კომპანია Untamed Borders, მომხმარებლებს სთავაზობს გაემგზავრნონ პაკისტანის მთიან რეგიონებში, ავღანეთში, მოინახულონ დაღესტანი, ჩეჩნეთი. მოგზაურობის დრო 5 დღიდან რამდენიმე კვირამდეა, საფასური კი 1,6 დან -3 ათას ფუნტამდეა.

The New York Times-ის კორესპონდენტმა ნიკოლას ვუდმა 2009 წელს მიატოვა ჟურნალისტიკა და დააფუძნა კომპანია Political Tours, რომელიც ორგანიზებას უწევს მსოფლიო პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების მოგზაურობას. მაგალითად, მას აქვს მარშრუტი "ლიბია: რევოლუციის შემდეგ" (ახლა ტური შეჩერებულია უსაფრთხოების მიზნით) და "პუტინის რუსეთი" (საფასური 3,2 ათასი ფუნტი).

ბრიტანული კომპანია Uniquely Travel ორიენტირებულია ინდივიდუალურ ტურისტებზე, ქმნის ონლაინ-აპლიკაციებს უჩვეულო მოგზაურობისთვის. ასე უკვე მზადაა ონლაინ-გიდი ჩრდილკოეთ კორეაში, მუშავდება მსგავსი გზამკვლევები ირანის და მიანმარის მიმართულებით.