მაია ბითაძის განცხადებით, დამთხვევაა, რომ ვასილ სოფრომაძეს რეკომენდაციის სახით თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის სიმამრის მიწის ნაკვეთის ყიდვა შესთავაზეს

ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი ვასილი ვერ გაერკვა ქალაქგეგმარების საფუძვლებში. მე პირადად მზად ვარ, რომ შევხვდე მას და ავუხსნა რაშია საქმე, - ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ბრალდებას.

„როდესაც ხდება გარკვეული უბნის, თუ ტერიტორიის ფორმირება/მოწესრიგება, ჩვენ ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში ამგვარ რეკომენდაციას ვთხოვთ - განმცხადებელს შეუსაბამო ნაკვეთებზე, იქნებ ეს ტერიტორიებიც დააგეგმაროს, რათა არ დაგვრჩეს დაუგეგმარებელი, რაც ხშირად გვხდება ამ ქალაქში და ამახინჯებს თბილისის იერსახეს. ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მითითება, რასაც რეგულარულად გავცემთ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, სადაც ასეთი ობიექტებია, რათა არ დარჩეს ისინი დაგეგმარების მიღმა. სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დაგეგმარება მოხდეს სწორად, რადგან არ დარჩეს გაუნაშენიანებელი ტეროტორია, რაზეც განაცხადია შემოსული. ეს არის რეგულარული პროცესი, როდესაც ქალაქგეგმარება ხდება- ჩვენ ვითხოვთ უბნის მოწესრიგებას. ასე რომ, ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში”,-განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის განცხადებით, დამთხვევაა, რომ სოფრომაძეს რეკომენდაციის სახით თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის სიმამრის, გივი მხეთაძის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ყიდვა შესთავაზეს.

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ფრესკო“ აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას და ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მისდის წერილი, სადაც რეკომენდაციის სახით ურჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი იყიდოს“, - აცხადებს სოფრომაძე.