იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

რუსეთის წინააღმდეგ იაპონია ახალ სანქციებს აწესებს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, იაპონია აპირებს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

იგეგმება, რომ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ყირიმის ანექსიას უჭერენ მხარს, გაეყინებათ საბანკო ანგარიშები, ყირიმში წარმოებულ საქონელზე კი აკრძალვა დაწესდება. ამის შესახებ დღეს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ განაცხადა.

იმ პირთა და ორგანიზაციათა ვინაობა, რომლების მიმართაც სანქციები დაწესდება, მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს. სუგას თქმით, იაპონიის ხელისუფლების ეს ქმედება შეესაბამება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ევროკავშირი და "დიდი შვიდიანის" ქვეყნები დგამენ.

გარდა ამისა, ტოკიო აპირებს ითანამშრომლოს ევროკავშირთან იმ გეგმის რეალიზაციის საკითხში, რაც ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ რუსეთის პროექტების დაფინანსების შეწყვეტას უკავშირდება. იაპონიის მიერ რუსეთისთვის მანამდე დაწესებული სანქციებით რუსეთის 23 მოქალაქეს იაპონიაში შესვლა ეკრძალება.