ქართველი მინისტრების ნაწილი, ადგილობრივ ბანკებს „არ ენდობა“, არ ენდობა ასევე ლარს. როგორც მათ მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, საქართველოში მიმდინარე რამდენიმე ანგარიშის პარალელურად, გარკვეული მოცულობის თანხებს ანაბრების სახით უცხოეთის ბანკებშიც ფლობენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, მოქმედი მინისტრების საბანკო ანგარიშების შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია - მან დეკლარაცია 2018 წლის სექტემბერში შეავსო. საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ბანკებში 5 მიმდინარე ანგარიში აქვს გახსნილი, ხოლო უცხოეთში, კერძოდ, „სითიბანკ მოსკოვში“ – 8. ამასთან, მისი მეუღლე „ვითიბი 24 მოსკოვში“ 4 ანგარიშს ფლობს. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, გიორგი ქობულიას ანგარიშებიდან 7 მიმდინარეა, 5 კი ანაბარი. ამასთან, დოკუმენტის შევსებისას, მინისტრს ანგარიშებზე ჰქონდა (აქ შედის როგორც მიმდინარე ანგარიში, ასევე ანაბარი): 580 226 დოლარი, 270 631 რუბლი, 372 273 ევრო, 204 041 გირვანქა სტერლინგი და მხოლოდ 6668 ლარი.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეკლარაცია 2018 წლის სექტემბერში შეავსო. მას 17 ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს გახნილი, 1 კი - უცხოეთში. კერძოდ, HSBC ბანკში. ამასთან, უცხოეთში ანაბარი აქვს გახსნილი მის მეუღლესაც, კერძოდ, Chase ბანკში. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე თანხის მოცულობას, დეკლარაციის შევსებისას ივანე მაჭავარიანი ფლობდა : 286 820 დოლარს, 22 812 ევროს, 1549,49 გირვანქა სტერნილნგსა და 7328,21 ლარს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - მან დეკლარაცია 2018 წლის დეკემბერში შეავსო. მინისტრს 5 ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკში აქვს გახსნილი. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ანგარიშზე ლევან იზორიას ჯამში 3 252 ლარი ჰქონდა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეკლარაცია 2019 წლის იანვარში შეავსო. დოკუმენტიდან ჩანს, რომ მას 10 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს გახსნილი. დეკლარაციის შევსებისას მინისტრს ჯამში ბანკების ანგარიშზე ჰქონდა 180 ლარი და 303 გირვანქა სტერლინგი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი - მან დეკლარაცია 2018 წლის აგვისტოში შეავსო. მინისტრს 15 მიმდინარე ანგარიში ადგილობრივ ბანკებში აქვს გახსნილი. რაც შეეხება თანხის მოცულობას, დეკლარაციის შევსებისას მიხეილ ბატიაშვილს ანგარიშებზე ჰქონდა -1527 ევრო, 112704 ლარი და 20005 დოლარი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს 13 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს. თუმცა, მის მეუღლეს ანგარიში აქვს გახსნილი გერმანიაში - postbank nuernberg-ში. 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, რომ მინისტრს იმ დროისთვის ანგარიშებზე ჰქონდა: 4596 ლარი, 2893 დოლარი და 1950 ევრო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დეკლარაცია 2019 წლის თებერვალში შეავსო. მას 5 ანგარიში აქვს, ყველა მათგანი საქართველოში მოქმედ ბანკებში - 41 325 ლარი და 924 ევრო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - მან დეკლარაცია 2019 წლის იანვარში შეავსო. მინისტრს ერთი ანგარიში ჰქონდა, სადაც განთავსებული იყო 7445 ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს 8 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს გახსნილი. 2019 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, რომ მინისტრი იმ დროისთვის ჯამში, 3 164 ლარს ფლობდა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეკლარაცია 2019 წლის მარტში შეავსო. მას 13 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს. დეკლარაციის შევსების მომენტში კი მინისტრს ჯამში ბანკში 28 331 ლარი ჰქონდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - მან დეკლარაცია 2019 წლის იანვარში შეავსო. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, თეა წულუკიანს 12 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს. რაც შეეხება ფინანსების მოცულობას, დეკლარაციის შევსებისას, მინისტრს 4 076 ლარი და 10600 ევრო ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეკლარაცია 2018 წლის მაისში შეავსო, საიდანაც ირკვევა, რომ მას 3 მიმდინარე ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში აქვს გახსნილი. დოკუმენტის შევსებისას კი ანგარიშებზე მხოლოდ 6020 ლარი ჰქონდა.