"სატრანსპორტო განვითარების გეგმა დედაქალაქს დაახლოებით 10 თვეში ექნება"

სატრანსპორტო განვითარების გეგმა დედაქალაქს დაახლოებით, 10 თვეში ექნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, უნიკალური შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ წინა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების საფუძველზე განსაზღვრონ ზუსტი მიმართულებები, სად, რა ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები უნდა განხორციელდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

"სატრანსპორტო მასტერპლანი, რაზეც მერი საუბრობდა, არის უნიკალური საშუალება იმისთვის, რომ თბილისში ზუსტად დადგინდეს, სად უნდა მოხდეს ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. საუბარია, როგორც ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, ახალი მეტროს მიმართულებები და ასევე საუბარია ახალ გზებზე, ახალ გვირაბებზე, ახალ ხიდებზე. მთლიანი სატრანსპორტო მასტერპლანი უნდა დაედოს გენერალურ გეგმას, როგორც ბაზას. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ჩვენ უახლოეს მომავალში გვეყოლება ძალიან კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავენ ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. ეს არის სატრანსპორტო გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქს აქამდე არ ჰქონდა. გვექნება უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ წინა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ზუსტი მიმართულებები, სად, რა ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები უნდა განვახორციელოთ მომდევნო წლების განმავლობაში რომ სატრანსპორტო მობილობა თბილისში ბევრად გამარტივდეს და თანამედროვე გახდეს. აზიის განვითარების ბანკის მიერ იქნება გამოვლენილი კომპანია, რომელიც მომდევნო 10 თვის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას დააპროექტებს.

არის საუბარი ასევე იმ წინა კვლევებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, მათ შორის ზოგიერთი მიმართულებით ტრამვაისა თუ მიწისზედა მეტროს ოპტიმალური დაგეგმარების საკითხები", - განაცხადა ბითაძემ.