გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას.
„კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.