დღეს ნავთობის ფასმა 2019 წლის მაქსიმუმი განაახლა - ბრენტ მარკის ბარელის ფასი 72 დოლარს ასცდა, რაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა და აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებამ გამოიწვია. გარდა ამისა, ფასის ზრდას კვლავ ძლიერ ფონს უქმნის OPEC-ის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა.
ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 72.24 დოლარს მიაღწია, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასი კი 64.39 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2019 წლის მაქსიმუმზე (64.79 დოლარი), რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა, ოდნავ ნაკლებია.
ჩინეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 6.4 პროცენტით გაიზარდა, რითაც კლების მოლოდინი გაბათილდა. გარდა ამისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა, ნორმალურ რეჟიმში ვაჭრობას განაახლებს. ეს კი გლობალურ ეკონომიკას დადებით სტიმულს მისცემს, რაც შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნას გაზრდის.
OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვის (დღეში 1.2 მილიონი ბარელით) გარდა, ნავთობის ფასის ზრდას, რამდენიმე სხვა ფაქტორიც განაპირობებს. ესენია აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელას მიმართ განახლებული სანქციები და ლიბიაში სამოქალაქო ომი, რომელიც ამ ქვეყნიდან ექსპორტს აფერხებს.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, ივნისში სხდომას გამართავენ, რომელზეც მიწოდების შეზღუდვის გაგრძელების მიზანშეწონილებას განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამას რუსეთი შეეწინააღმდეგება, რომელიც ორგანიზაციის წევრი არაა.