პარლამენტი დღეს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს განიხილავს

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ 2013 წლის ანგარიშს განიხილავენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარადგენს, დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2013 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2013 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას".