9-დან 1 800 დოლარამდე - რა ფასად ქირავდება Airbnb-ზე სახლები აფხაზეთში

ბინების გაქირავების გლობალური პლატფორმა Airbnb-ზე აფხაზეთის რეგიონში მდებარე 1000-ზე მეტი გასაქირავებელი ბინა და სახლი იძებნება. მათი დღიური ფასი კი 9 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარამდეც კი აღწევს.

როგორც ცნობილია, Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენი განცხადებაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Airbnb-ს პლატფორმაზე განთავსებული და რა ღირს ბინების დაქირავება ორივე რეგიონში. როგორც Airbnb-ზე ვნახულობთ, აფხაზეთის რეგიონებში მდებარე სახლების ფასი მისი კომფორტისა და შენობის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება.

მაგალითად, გაგრაში მდებარე სახლში, რომელიც ზღვიდან 4-5 წუთის სავალზეა, სტუმარი ღამეში 9 დოლარად დაისვენებს. სახლი, ძველი რემონტით, 15 დამსვენებელზეა გათვლილი, სულ 6 საძინებელი და 2 სააბაზანო აქვს.

გაგრაში ვიზიტორი 12 დოლარად დაისვენებს სახლში, რომელიც 8 დამსვენებელზეა გათვლილი. აქვს 4-2 -საწოლიანი საძინებელი და 2 სააბაზანო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

სოხუმში ერთი ადამიანი დღეში 16 დოლარად დაისვენებს სახლში, რომელიც 3 სტუმარზეა გათვლილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს. აქვს 1 საძინებელი და 1 სააბაზანო.

სოხუმის ცენტრში დღეში 101 დოლარი ღირს ერთი ადამიანის დასვენება სახლში, რომელიც ზღვიდან 100 მეტრში მდებარეობს. 8 სტუმარზე გათვლილ კერძო სახლს 6 საძინებელი და 2 სააბაზანო და ჯაკუზი აქვს. ამასთან, სახლი აღჭურვილია უფასო Wi-Fi-ითა და კონდენციონერით.

პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ სახლებსაც, რომელთა გაქირავების ფასი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, 1 500 დოლარად დაისვენებს ერთი სტუმარი სოხუმში ცენტრალურ პარკთან მდებარე სახლში. კერძოდ, ზღვიდან 100 მეტრში. კერძო სახლი გათვლილია 5 სტუმარზე, აქვს 3 საძინებელი ოთახი და ერთი სააბაზანო. სახლი ახალი გარემონტებულია და მოწყობილია თანამედროვე ავეჯით.

1 800 დოლარი ღირს სახლი დღიურად გაგრაში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს, ზღვიდან 10- 15 წუთის სავალზე. 4 სტუმარზე გათვლილ სახლში 2 საძინებელი და 2 სააბაზანოა.

რაც შეეხება კოტეჯის ტიპის სახლებს, სოხუმში ზღვიდან 1 წუთის სავალზე მდებარე ობიექტის ღირებულება 62 დოლარია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თითო კოტეჯი 2 ადამიანზეა გათვლი და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებსაც Airbnb-ზე იპოვით. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის პლატფორმაზე აფხაზეთში გასაქირავებელი 1000-ზე მეტი სახლის შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება „სამხრეთ ოსეთს“, Airbnb-ზე ამ რეგიონიდან ჯერჯერობით არცერთი განცხადება არ იძებნება.

ნინი ქეთელაური