სამი ძირითადი სფერო, რაც პრიორიტეტულია კვიპროსთან ურთიერთობაში, არის საზღვაო მიმართულება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო -კვიპროსის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების დიდი პერსპექტივა არსებობს. მან განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საზღვაო მიმართულებით არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა.
„სოფლის მეურნეობაში მოეწერა ხელი მემორანდუმს, რაც ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება საზღვაო მიმართულებას, აქტიურად ვთანამშრომლობთ.
Columbia Shipmanagement არის ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელი, ამასთან, გვეხმარება სასწავლო კურსების დახვეწაში და ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მხოლოდ აღნიშნული კომპანია 1000-მდე მეზღვაურს დაასაქმებს. ტურიზმის მიმართულებით, უკვე გვაქვს კვიპროსში პირდაპირი მიმოსვლა wizzair-ის საშუალებით, თუმცა, საჭიროა გაფართოვება, რომ მეტად აქტიური გახდეს ტურისტთა მიმოსვლა“, - განაცხადა ქობულიამ.