ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.
ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შედარებით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.
ორგანიზაციის საიტზე ნათქვამია, რომ „საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული“.
„ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს სიტუაცია მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი გავლენა ექნება.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა არის ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას დამაჯერებელი შედეგები ჯერ არ გამოუღია“, - ნათქვამია ანგარიშში.