„რეზონანსი" - ბანკების საქართველო - არ დარჩა დარგი, სადაც არაპროფილურმა ბიზნესმა კონკურენცია არ მოსპო

ბანკების არაპროფილურმა საქმიანობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ფინანსურ სექტორს მსგავსი საქმიანობის შეზღუდვა დაუწესდა, თითქმის ყველა ბიზნესში მრავლადაა ბანკებთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები, რომელთაც ფინანსურ რესურსზეც მეტი წვდომა აქვთ და კონკურენტების ჩამოშორებასაც ადვილად ახერხებენ.

მშენებლობა, სადაზღვევო, ფარმაცევტული, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო ბიზნესი, მეღვინეობა და არა მხოლოდ ეს, საქართველოში დიდი ბანკების არაპროფილური საქმიანობის სფეროა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყველა მომგებიანი ბიზნესი, რაც კი ქვეყანაში მუშაობს, დაკავშირებულია ბანკებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არაპროფილურ აქტივებს ზღუდავს, როგორც ჩანს, საფინანსო სექტორს ბევრი გზა რჩება ლავირებისათვის.

ცოტა ხნის წინ ღია წერილი გამოაქვეყნეს სადაზღვევო კომპანიებმა. განცხადებაში ეწერა, რომ სადაზღვევო სექტორი ბანკების ექსპანსიის შესაჩერებლად მთავრობას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს მიმართავს.

„დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში თავისუფალი მოთამაშეებისათვის ადგილი აღარ რჩება", - აცხადებენ მზღვეველები.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, არაპროფილური ბიზნესი ხელს უშლის სფეროს განვითარებას. დევი ხიჩინაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკება რეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ჯერაც არ დამდგარა.

„პრაქტიკულად, ყველა სადაზღვევო კომპანიას ესმის, რომ კონკურენციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლისათვის. საჭიროა სტრუქტურული ცვლილება. ერთ-ერთი ვარიანტია ვერტიკალური ინტეგრაციის ცვლილება, რაც არ არის ევროპული პრაქტიკა.

კონკურენციის მნიშვნელობას აღიარებენ როგორც დანარჩენი ბიზნესი და ხელისუფლება, ასევე თავად ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოები. საჭიროა, რეგულატორული გავლენის ანალიზი ძალიან დეტალურად. ეს პროცესი თითქოს მიმდინარეობს, მაგრამ ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, თუმცა დაახლოებით ერთი წლის ვადაში, ვფიქრობ, პრობლემა ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრება", - აცხადებს „რეზონანსთან" ხეჩინაშვილი.

ბანკებთან დაკავშირებული კომპანიებით ირღვევა ეკონომიკის მთავარი პრინციპი, კონკურენტუნარიანობა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი არ აღიარებს არაპროფილური აქტივების არსებობას.

„ამბობენ, რომ ოფიციალურად მფლობელი სხვადასხვაა, თუმცა ყველამ ყველაფერი ვიცით. პრობლემა არის არაკონკურენტუნარიანი გარემო, რაც სინამდვილეში საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპია. ჯანსაღი კონკურენციის გარეშე ბაზარი არ ვითარდება.

როგორიც უნდა იყოს სხვადასხვა სტრუქტურის განცხადებები, ჩვენ ყველა ვხედავთ და მე პირადად მივიჩნევ, რომ ბანკების არაპროფილური აქტივები დიდი პრობლემაა და განვითარებაში გვიშლის ხელს. ვის მიანიჭებს კრედიტის გაცემისას უპირატესობას ბანკის მენეჯმენტი - საკუთარ თუ კონკურენტ კომპანიას? დღეს ამ თემაზე დავაც კი რთულია, რადგან დოკუმენტურად ყველაფერი "სუფთადაა". ჩემთვის მთავარი შედეგია და ის, თუ რა გარემოშიც გვიწევს ოპერირება და არა განცხადებები. ყველაზე მტკივნეული კი თვალთმაქცობაა", - აცხადებს „რეზონანსთან" როსტომაშვილი.

სხვადასხვა ბიზნესსფეროს გარდა, არაპროფილური აქტივების არსებობასა და მის მიერ შექმნილ პრობლემებზე ხშირად საუბრობენ ექსპერტულ წრეებში. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გამოსავლის პოვნა არსებული რეალობიდან რთულია, თუმცა აუცილებელია.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა, რაზეც მუდმივად საუბრობენ როგორც ეკონომისტები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. ხშირ შემთხვევაში ისინი რჩებიან არაკონკურენტუნარიან გარემოში. ბანკებს აქვთ ბევრად მეტი ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა, საკუთარ კომპანიებზე სესხები გასცენ ბევრად უკეთესი პირობებით და ბევრად უფრო მარტივად მოიძიონ რესურსი საქმიანობის გასაფართოვებლად.

გარდა ამისა, არაერთხელ მსმენია კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი ერიდებიან ბანკთან მისვლას და მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ, ვინაიდან არ სურთ, ხელში ჩაუვარდეთ მათ შესახებ ინფორმაცია. რასაკვირველია, იგი შეიძლება ბოროტად გამოიყენონ. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრია ასეთი სფერო. განსაკუთრებით კი ეს ეხება 2 დიდ ბანკს. თითქოს მათგან გამოყოფილია სხვადასხვა ორგანიზაცია, ფორმალურად და იურიდიულად გამიჯნულია ყველაფერი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ კავშირშია და მათია.

ისედაც საკმაოდ დაბალი კონკურენციის და მწირი ოპერატორების პირობებში სიტუაცია კიდევ მეტად მძიმდება. რთულია თქმა, რა არის გამოსავალი, თუმცა ფაქტია, რომ მყისიერადაა საპოვნი და ქმედება უნდა იყოს რეალური", - აღნიშნა „რეზონანსთან" აფბა-ს ანალიტიკოსმა.

ბოლო ექვს წელიწადში საქართველოს ეკონომიკის, საშუალოდ, 45-პროცენტიანი ზრდის პარალელურად, საბანკო სექტორის მოგება ყოველწლიურად დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, 2017 წელს კი საბანკო სექტორის მოგებამ აქამდე არნახულ, ისტორიულ მაქსიმუმს – 869.8 მილიონ ლარს მიაღწია. უფრო შთამბეჭდავია ამავე პერიოდში (2013 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე) საბანკო სექტორის აქტივების პრიზმაში 140-პროცენტიანი ზრდაც - აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს ციფრი 14,7 მილიარდიდან 35.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"