„მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 69.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით, 14,9 ათასი ტონით (84,5 ათასი ტონა) ნაკლებია. ამის შესახებ ინფორამციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა 37.4 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32.2 ათასი ტონა.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 232.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 9.9 ათასი (4,3%) -ით ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
"2019 წლის იანვარ-მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 134,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 97,6 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 90,3 ათასი ტონა (66,9%); A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 42,9 ათასი ტონა (31,7%), A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,8 ათასი ტონა (1,3%).
ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 69,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 68,8 ათასი ტონა (29,6%), აზერბაიჯანი - 39,2 ათასი ტონა (16,8%), ბულგარეთი - 27,9 ათასი ტონა (11,9%); თურქმენეთი - 16,4 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი - 10,3 ათასი ტონა (4,4%), შვეიცარია - 0,09 ათასი ტონა (0,03%)",- ნათქვამია განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დიზელის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა, რაც თავის მხრივ, ძირითადად დაკავშირებულია საქართველოდან თურქეთში დიზელის საწვავის გადინების (სავსებით ლეგალურად) შემცირებასთან.
"აქვე უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებაზე მიმდინარე წელს იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.
ცნობისათვის: 2017 წელს იმპორტირებულ იქნა ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალების - 16 471 ერთეული, ხოლო 2018 წელს - 25 554 ერთეული, მიმდინარე წელს ეს ციფრი სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზე.
ამასთან, საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები, რამაც გამოიწვია ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება.
ცნობისათვის: მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა: 249 019 ასს, აქედან გამართული იყო - 136 277 ასს, დახარვეზდა - 112 068 ასს, განმეორებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაზე დახარვეზდა - 4 955 ასს",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.