19 აპრილს თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge.

ამასთან, ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.

„დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. მათ შორის არიან: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება. ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.