ვანისა და ჩოხატაურის რაიონებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი ჯერ უცნობია

სტიქიის შედეგად დაზარალებული ვანისა და ჩოხატაურის რაიონებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

"რაც შეეხება ზარალს, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისი კომისია მუშაობს მის დასადგენად, თუმცა, როგორც აცხადებენ, დაახლოებით ნახევარი მილიონის ზარალი მიადგა რაიონს", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სოფელ ჩხაკაურას 15-მდე ოჯახთან დამაკავშირებელი გზა ამ დრომდე ჩახერგილია.

გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ნაბეღლავის" ქარხანასთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა არ დასრულებულა.

"გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით სრულად არ გაწმენდილა და "ნაბეღლავის" ქარხანა ისევ გაჩერებულია", - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულ ვანის რაიონს, რაიონის გამგებელის, ზაზა ხურციძის განცხადებით, ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.