„თუ ანაკლიის პორტის ინვესტორები შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მშენებლობას 100 მლნ დოლარით დააფინანსებს“

„ანაკლიის პორტს" არ ვაფინანსებთ, იდეაში შეიძლება დავაფინანსოთ, - ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხის კომენტირებისას განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გამოყოფილია თუ არა აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი განმარტავს, რომ დააფინანსებს თუ არა ფონდი "ანაკლიის პორტის" მშენებლობას 100 მილიონიანი სუბორდინირებული კრედიტით, დამოკიდებულია ინვესტორების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

„თუ პორტის ინვესტორები შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში იღებს ვალდებულებას პორტის მშენებლობა 100 მლნ დოლარის ფარგლებში დააფინანსოს და ეს მოხდება საპარტნიორო ფონდის საშუალებით. ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას შემდეგ გამოიყოფა, რაც ამის აუცილებლობა დადგება", -განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კაპიტალის შესავსებად სუბორდინირებული სესხის სახით, 100 მლნ დოლარს საპარტნიორო ფონდისგან მიიღებს, რომლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.