ბოლო დროს გახშირებულ კიბერთაღლითობასთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკი" მომხმარებლებს აფრთხილებს და შესაბამის რჩევებს აძლევს.
ცნობისათვის, კიბერდანაშაულის შესახებ და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. როგორც ჩვენთან საუბრისას რესპონდენტები აცხადებდნენ, მათ საბანკო ანგარიშებიდან თანხა სათამაშო ბიზნეს-ოპერატორების ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაირიცხა. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, საჩივარი პოლიციაში შეეტანათ.
"ბიზნესპრესნიუსი" "თიბისი ბანკის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო მომხმარებელო, გვინდა პერიოდულად გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან.
ფიშინგი არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. კიბერთაღლითები აყალბებენ კომპანიების ვებ გვერდებს ან აგზავნიან მათი სახელით თქვენთან ელ-ფოსტას, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანონ პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). მაგალითისთვის, თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგის აპლიკაციის მისამართია "tbconline.ge". თუმცა თაღლითები ქმნიან მიმსგავსებულ გვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. მაგალითად, "tbc0nline.ge", "tbconline-ge.ga" ან "tbconline.ge-cudisaiti.ge" და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ.
იმისთვის რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:
საეჭვო ვებ-გვერდებზე არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია (პაროლი, ბარათის ნომერი, სმს კოდი და ა.შ.). დარწმუნდით, რომ იმყოფებით დაცულ გვერდზე და სწორ მისამართზე.ნუ ენდობით მეილებს, რომლებიც თქვენგან საბანკო დეტალების შეყვანას ან რაიმე სასწრაფო ქმედებას მოითხოვს. "თიბისი ბანკისგან" მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ თიბისის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე https://tbconline.ge გახსოვდეთ, კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებგვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას", -ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.