მე ვფიქრობ, რომ მინისტრის გადადგომით ეკონომიკური კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და პრემიერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ახსნა - განმარტება, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერმა უნდა დაასაბუთოს, რომ მინისტრი იმიტომ არ გადააყენეს, რადგან „ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა".
„მე ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება გაეშვა მისი გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერ-მინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა საკუთარი უფლებამოსილებებით. ჩვენ გვაინტერესებს რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება",-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
„გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება.