განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტი დასაქმებულია

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტი დასაქმებულია.

როგორც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განაცხადა, პროფესიულ სასწავლებელში სწავლა 2017 წელს 6503 ადამიანმა დაასრულა, საიდანაც 3900 პირი დასაქმებული ან თვითდასაქმებულია.

წეროძის ინფორმაციით, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 18 აპრილის მონაცემებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა 4513 უნიკალური განაცხადია შესული.

„2013 წლიდან დავიწყეთ კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევა და 33 პროცენტიდან ეს მონაცემი, 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 60 პროცენტამდე გაიზარდა. ამ მონაცემში შედის როგორც ადგილობრივად, დაქირავებით დასაქმებული, ასევე თვითდასაქმებული ადამიანები. რაც შეეხება საზღვარგარეთ ადამიანების დასაქმებას, ბუნებრივია, ეს აღნიშნულ კვლევაში ვერ მოხვდება. მიგრაციის შემთხვევაში ადამიანების დასაქმებას სხვა ტიპის კვლევა სჭირდება. განათლების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე ევროპის შრომის ბაზარზე. პროფესიული განათლების სისტემა, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას და კვალიფიკაციების შეთავაზებას მოსახლეობისათვის, რომლებიც გაზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე”, - განაცხადა წეროძემ.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ინტერესია პროფესიული პროგრამები ხელს უწყობდეს ისეთი განახლებული უნარების დაუფლებას და საბოლოოდ ისეთი კვალიფიკაციების დადასტურებას, რომლებიც თავსებადია ევროპულ კვალიფიკაციებთან.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მიღებული განათლება და დადასტურებული კვალიფიკაცია აღიარებული იქნება ევროპის ქვეყნებშიც, რაც აქამდე ასე არ იყო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა სამუშაოებმა, ეროვნული კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოს დამტკიცებამ, ხარისხის უზრუნველყოფის ახალმა მექანიზმებმა შექმნა საფუძველი, რომ ჩვენი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემა იყოს უფრო სანდო, გამჭვირვალე და თავსებადი ერთიან ევროპულ სტანდარტებთან. შესაბამისად, შრომითი მიგრაციის შემთხვევაში, საზღვარგარეთ არსებული დამსაქმებელი, ადვილად მოახდენს პროფესიული განათლების საქართველოში გაცემული დიპლომის მქონე დასაქმებულის უნარების და კომპეტენციების იდენტიფიცირებას“, - განაცხადა წეროძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი სამშენებლო სექტორში, ტურიზმში, ენერგეტიკაში, მედიცინაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, კომუნიკაციებში, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროებში იქმნება.

„აქედან გამომდინარე, ეს მიმართულებები უფრო მეტად აქცენტირებულია განათლების კუთხითაც. მეტი თავისუფალი ადგილი ცხადდება მათზე. ყველა ეს პროფესიული პროგრამა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და სრულიად უფასოა ბენეფიციარისთვის. აპლიკანტების მოთხოვნაც თანდათან თანხვედრაში მოდის ბაზრის მოთხოვნასთან, რაცა აქამდე ასე არ იყო. რაც შეეხება საგაზაფხულო მიღებას პროფესიული განათლების მიღების მიზნით, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, 18 აპრილის მონაცემებით, 4513 უნიკალური განაცხადია შემოსული. განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ ჩატარდება ცენტრალიზებული, პროფესიული ტესტირება, რომელიც მარტივ უნარებს ზომავს. გამოცდის ჩატარება მაისის დასაწყისში იგეგმება“, - განაცხადა წეროძემ.

მისივე ინფორმაციით, რა პროგრამები შეიძლება დაემატოს, სახელმწიფოს დაფინანსებულ მიმართულებებს, ამის შესახებ მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც უწყებას უტყუარი ინფორმაცია ექნება, რომელმა პროგრამამ გაიარა ავტორიზაცია.