ვერ მოხდება ქობულიას წასვლის როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილების განხილვა, რომელშიც უცნაური არაფერია, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი აღნიშნულ საკადრო ცვლილებაზე განმარტებას პრემიერისგან ელოდება.
„დაველოდოთ პრემიერის განცხადებას. მე როგორც ვიცი, მან უნდა გააკეთოს გარკვეული განმარტება იმიტომ, რომ ვერ მოხდება ამის განხილვა, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილების, რომელშიც უცნაური არაფერია. უცნაური არის იმიტომ, რომ რვა თვე ეკონომიკის მინისტრის შესაფასებლადაც არ არის საკმარისი. ბოლომდე რომ გაიგო როგორ მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, 6 თვე მარტო ამას სჭირდება. ამიტომ, აქ განმარტება უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ან ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონა იმას ვინც მოიყვანა და რაღაც კონკრეტული თემა უნდა დასახელდეს. 8 თვეში ეკონომიკური სასწაულის მოხდენას თავისთავად ვერ შეძლებდა. პრინციპში მე მისი მუშაობით პარლამენტთან ურთიერთობაში საპრეტენზიო ბევრი არაფერი მაქვს. ალბათ, საქმე გვაქვს მმართველობის თემაში არსებულ უთანხმოებასთან პრემიერ-მინისტრთან, ამიტომ, რაღაც განმარტება მისგან სავალდებულოა“,- განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, კითხვაზე უკავშირდება თუ არა ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვება ბიძინა ივანიშვილს, კაკულია აცხადებს, რომ მის გარეშე ეს ამბავი, ალბათ, ვერ მოხდებოდა.
„ამინდის ცვლილებასაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარეა, ცხადია, არავის ექნება ილუზია, რომ მის გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი“,- აღნიშნა კაკულიამ.
დეპუტატის თქმით, მომავალში მნიშვნელოვანია, რომ მსგავს საკადრო გადაადგილებებში პარლამენტი უფრო აქტიურად ჩაერთოს.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებები, კაკულია ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
„მომავალში დასახვეწია ეს საკითხი. გასაგებია, რომ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ასე მყისიერად თუ დადგებოდა ეს საკითხი, არ ვიცოდი. უფრო მაღალი ხარისხის კონსულტაციებიც შეიძლებოდა ეკონომიკის კომიტეტთან, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზეა საუბარი და ვფიქრობ, რომ მომავალში ამას გაითვალისწინებენ“,- განაცხადა კაკულიამ.