"საქართველოს ბანკის" დაფინანსებით შშმ პირთათვის პანდუსები მოეწყობა

"საქართველოს ბანკის" დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თბილისის რამდენიმე საკვანძო გამზირისა და ქუჩის ადაპტაცია განხორციელდება.

როგორც ბანკის ცენტრალურ ოფისში "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, თბილისის რამდენიმე საკვანძო გამზირისა და ქუჩის ადაპტაცია მოხდება ხსენებული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, პეკინის და ყაზბეგის გამზირების, ასევე კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების ტროტუარები სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე დასრულდება და ჯამში 650 პანდუსი დამონტაჟდება.

ირაკლი გილაურის თქმით, ამისათვის "საქართველოს ბანკმა" თითქმის 200 000 ლარი გამოყო. პანდუსები მოეწყობა ევროსტანდარტის დაცვით, რომლის მიხედვითაც, დახრილობის კუთხემ 5-დან 8 გრადუსამდე უნდა შეადგინოს. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს ფონდი "სიცოცხლის ხე", ინიციატივა კი ეკუთვნის ორგანიზაციას "სოცკოდექსი", რომელიც "საქართველოს ბანკს" თავისი 500 მოხალისით ეხმარება ამ პროექტის განხორციელებაში.

როგორც ირაკლი გილაურმა განაცხადა, სამწუხაროა ის, რომ მანქანებს პანდუსებზე აჩერებენ, რითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მისით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ გააჩერებენ პანდუსზე მანქანებს, იმიტომ რომ, ეს უნდა გამოიყენონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. აგრეთვე მანქანების დაყენების შედეგად პანდუსები ზიანდება და ყველას მოვუწოდებთ, ამ შრომას წყალში ნუ ჩაგვიყრიან", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.