"ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი"

ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის სწორი აღქმა აქვს.

„ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას ნამდვილად აქვს იმ სოციალური რეალობის სწორი აღქმა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.