„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო"

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურნავამ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა წინამორბედს, გიორგი ქობულიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გოგა ქობულიას, იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.