საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ავლაბრის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია.
როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს საზოგადოებრივი ფუნქცია რამდენიმე მიმართულებით იქნება უზრუნველყოფილი. მისივე განცხადებით, რეზიდენციის ყოფილ შენობაში ეროვნული საგანძური გამოიფინება.
„რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის, ამაზეც გაკეთდა როგორც მე მახსოვს არაერთი კომენტარი და ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურის, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს. თქვენ სვამთ კითხვას, ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, - განაცხადა ბახტაძე.