6 ქვეყანა, სადაც წელს ქართული მინერალური და მტკნარი წყლები ვერ გავიდა

2019 წლის იანვარ-თებერვალში ქართული მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდისგან განსხვავებით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი არ განხორცილდა: თურქეთში, კვიპროსში, ბულგარეთში, ლატვიაში, შვეიცარიასა და პოლონეთში.

მაშინ როდესაც, 2018 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთში 82,8 ათასი ლიტრი (29,3 ათასი დოლარი) პროდუქციის იმპორტი განხორციელდა; კვიპროსში - 27,3 ათასი ლიტრი (21,8 ათასი დოლარი), ბულგარეთში - 12,3 ათასი ლიტრი ( 16,5 ათასი დოლარი), ლატვიაში - 20,7 ათასი ლიტრი (12,9 ათასი დოლარი), შვეიცარიაში - 1,4 ათასი ლიტრი (2,8 ათასი დოლარი), პოლონეთში - 3 ათასი ლიტრი (1,8 ათასი დოლარი).

რაც შეეხება 2017 -2018 წლებს, გასულ წელს 2017 წლისგან განსხვავებით, მინერალური და მტკნარი წლები არ გავიდა 4 ქვეყანაში. კერძოდ, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და ბაჰრეინში.

მაშინ როდესაც, 2017 წელს საფრანგეთში - 53,8 ათასი ლიტრი (41,1 ათასი დოლარი) პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა; სამხრეთ კორეაში - 13 ათასი ლიტრი (17,7 ათასი დოლარი), ირანი - 26,2 ათასი ლიტრი (15,6 ათასი დოლარი), ბაჰრეინში - 21,1 ათასი ლიტრი (4,6 ათასი დოლარი) .

რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, 2019 წლის 2 თვეში ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში სულ 20,798 მლნ ლიტრი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც ფინანსური მაჩვენებლებით 13,741 მლნ დოლარს შეადგენდა. ხოლო, 2019 წელს 27,233 მლნ ლიტრი, რაც თანხობრივად - 17, 851 მლნ დოლარია.

ნინი ქეთელაური