"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები წარმოადგინა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 2010-12 წლებში 12 სამინისტროსა და თბილისის მერიაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის მდგომარეობის კვლევის ანგარიში და რეკომენდაციები წარმოადგინა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში კვლევამ არა ერთი პრობლემა წარმოაჩინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანტიკორუფციული კვლევების ხელმძღვანელი ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ შიდა აუდიტის ერთეულების მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ემყარება თანამედროვე მეთოდოლოგიას. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც გარე, ისე შიდა აუდიტი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ქვეყნის და ხელისუფლების ანტიკორუფციული სისტემის, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, როგორ ფუნქციონირებდა როგორც გარე, ისე შიდა აუდიტის ინსტიტუტები საქართველოში. ამჯერად წარმოვადგინეთ შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობის კვლევა, რომელიც მოიცავს 2010-2012 და ნაწილობრივ 2013 წლებს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შიდა აუდიტის ერთეულების საქმიანობა არის არადამაკმაყოფილებელი. პრობლემა არის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. სამინისტროების უმეტესობაში პრაქტიკულად უმოქმედო იყო 2012 წლის მონაცემებით შიდა აუდიტის ერთეულები. ამიტომაც მთელი რიგი რეკომენდაციები წარმოვადგინეთ. ვფიქრობთ, სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს შიდა აუდიტის უწყებების საქმიანობა. შიდა აუდიტის ერთეულები დღეს არ არიან მზად იმისთვის, რომ სათანადო წვლილი შეიტანონ შიდა ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. რამდენადაც ვიცით, 2013 წელს რაიმე სერიოზული ნაბიჯი არ გადადგმულა ამ სიტუაციის შესაცვლელად. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები სავარაუდოდ რჩება", - აცხადებს ერეკლე ურუშაძე.

კვლევას დაესწრო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია. მისი თქმით, რეკომედაციები, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეიმუშავა აუდიტის სამსახურის რეკომედაციებთან თანხვედრაშია.