როგორ გამოიყურება და რა ჯდება kohi-ს აშენებული ხის სახლები - „ჩვენ კონკურენტისგან ხარისხი გამოგვარჩევს“

„ჩვენი სახლები მზადდება ჩვენთან საამქროში და ადგილზე აწყობილი მიგვაქვს“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ Kohi.ge-ს დამძფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ და დასძინა, რომ მათ კონკურენტებისგან ხარისხთან ერთად, სწორედ ეს გამოარჩევთ.

ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ბაზარზეც უკვე რამდენიმე კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს მისთვის სასურველს კოტეჯს უშენებს. ასაწყობი ხის სახლებზე მოთხოვნა ძირითადად საკურორტო ზონებშია.

კომპანიების ნაწილი მშენებლობის პროცესს ადგილზე აწარმოებს, ნაწილი კი, მათ შორის, Kohi.ge „ქოხს“ საამქროში აწყობს და დანიშნულების ადგილზე მზა სახით მიაქვს.

როგორ ეწყობა და რა ღირს Kohi.ge-ს სახლები? როგორია ბაზარზე კონკურენცია და რა გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისგან, „ბიზნესპრესნიუსი“ Kohi.ge-ს დამფუძნებელს ირაკლი ლომიძეს ესაუბრა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი კომპანია სახლებს საამქროში ამზადებს და შემდეგ აწყობილ სახლს ადგილზე ამონტაჟებს.

„საქართველოში ასე არავინ არ აკეთებს. ჩვენი სახლები მზადდება ჩვენთან საამქროში და ადგილზე აწყობილი მიგვაქვს. ანუ, ნაკვეთზე მშენებლობა არ ხდება. ამიტომ ჩვენ ამინდზე დამოკიდებულები არ ვართ. კონსტრუქცია ბევრად უფრო ზუსტად იწყობა, ხარისხის დონეც სხვაა, ანუ ჩვენ კონკურენტისგან ხარისხიც გამოგვარჩევს.

მას შემდეგ კი, რაც საამქროში სახლის აშენებას დავასრულებთ, უკვე აწყობილი სახლი (მოდულები)ადგილზე მანიპულატორით მიგვაქვს და ნაკვეთზე მონტაჟი ხორციელდება. ხმაური, ჭუჭყი და სხვა, რაც ტრადიციულ მშენებლობას მოყვება, ჩვენთან არ არის. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, ეს დამოკიდებულია კოტეჯის ზომაზე, მაგალითად, 30 კვ/მ ზომის კოტეჯის აწყობას 14 დღე სჭირდება “ - აღნიშნა ლომიძემ.

რაც შეეხება ფასს, 1 კვ.მ-ს ფასი 400-დან 600 ლარამდე ღირს. ფასში შედის 100 მმ სისქის კარკასი და ამავე სისქის KNAUF-ის ფირმის ქვა-ბამბის დათბუნვა.

„ფასთა სხვაობა შეიცავს მხოლოდ მოპირკეთებისთვის გამოყენებულ სხვა და სხვა მასალებს, ანუ ვიზუალურ მხარეს. 400-ლარიანი პაკეტის გარე კედლები მოპირკეთებულია 0,5 მმ სისქის პროფილირებული თუნუქით, შიდა კედლები და ტიხრები OSB-3 ფილა, იატაკზე ლინოლიუმი. ელ.გაყვანილობის თითო წერტილი ყოველ ოთახში, სველ წერტილში და აივანზე. კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასის მინა პაკეტით.

500 ლარიანი პაკეტის გარე კედლები მოპირკეთებულია 12 მმ სისქის წიწვოვანი ჯიშების „ლამფით“ (ე.წ. „ვაგონკა“). შიდა კედლები და ტიხრები OSB-3 ფილა, იატაკზე ლამინირებული ფილები. ელ.გაყვანილობის თითო წერტილი ყოველ ოთახში, სველ წერტილში და აივანზე. კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასის მინა პაკეტით.

600-ლარიანი პაკეტის გარე კედლები, შიდა კედლები და ტიხრები მოპირკეთებულია 12 მმ სისქის წიწვოვანი ჯიშების „ლამფით“ (ე.წ. „ვაგონკა“), რომელიც დამუშავებულია უმაღლესი ხარისხის სპეციალური ანტისეპტიკური თვისებების მქონე დამცავი საღებავით (ფერთა ფართო არჩევანით). იატაკზე ლამინირებული ფილები, ან სურვილის შემთხვევაში წიწვოვანი ჯიშის სპეციალურად დამუშავებული ხის მასალით. ელექტრო გაყვანილობის ორ-ორი წერტილი ყოველ ოთახში, სველ წერტილში და აივანზე (ასევე, LED განათება). კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასის მინა პაკეტით.“ - განაცხადა ლომიძემ.

მისი თქმით, კოტეჯი რუსეთიდან შემოტანილი წიწვოვანი ჯიშების გამომშრალი ხის მასალით მზადდება. ძირითადი მოთხოვნა 30-60 კვ/მ-მდე მინი სასტუმროებზე მოდის. კოტეჯების აშენებით ძირითადად, ზღვისპირა რეგიონები და სამთო კურორტები არიან დაინტერესებულები.