ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ქართველი გამოაძევეს - საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციით ისრაელი ლიდერობს

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე ისრაელიდან გამოაძევეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული თვის სტატისტიკაშია მოცემული.

შეგახსენებთ, რომ იანვარსა და თებერვალში ამ მაჩვენებლით თურქეთი ლიდერობდა, ისრაელი კი მე-2 პოზიციაზე იყო. ცნობისთვის, იანვარში ისრაელიდან - 82, თებერვალში კი - 81 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს.

რაც შეეხება გასულ თვეს, შს სამინისტროს ცნობით, მარტში ისრაელიდან 78 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. მას მოსდევს თურქეთი - 67 მოქალაქის დეპორტაციით; მე-3 გერმანია, საიდანაც 45 პირის დეპორტაცია განხორციელდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ავსტრია და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისას, 21 და 14 საქართველოს მოქალაქის დეპორტაციით.

საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის მიხედვით, ქვეყნების ათეულში არიან ასევე: ესპანეთი - რუსეთი - 10 - 10; იტალია - 9; შვეიცარია - 8; ბელგია-პოლონეთი-საბერძნეთი-ფინეთი - 5-5 პირის დეპორტაციით.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქე გავიდა. უწყების ცნობით, წინა თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. კერძოდ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 6 056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი 3 185 გასვლით პოლონეთია.

თაია არდოტელი