საქართველოს კონკურენციის სააგენტო თბილისის გარე სარეკლამო ბაზარს შეისწავლის.
„შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქ. თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
თბილისის გარე რეკლამის ბაზარს სწავლობს ქალაქის მთავრობაც. როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი აცხადებდა, ამ ეტაპზე კომპანია „ალმასთან“ გაფორმებული დოკუმენტის სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღეისათვის გარე რეკლამების ბიზნესში მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების სერიოზული საფრთხე არსებობს.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, გარე რეკლამის სარეკლამო ბაზარი 2017 წელსაც მთელი სარეკლამო ბაზრის 10%-ს იკავებს და 4.7 მლნ დოლარს შეადგენს.