ერთ თვეში სასტუმროების ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG -ის კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა. რაც ორგანიზაციის განმარტებით, გარკვეულწილად, გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობით აიხსნება.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტები - 32.6%-ით“,-აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა. ამასთან, 2019 წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რიცხვი კი 4.3%-ით.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წარმოადგენდა პირველ წელს, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების მიერ სასტუმროში გატარებულ ღამისთევათა წილმა გადააჭარბა მეგობრების, ნათესავების სახლში გატარებულ ღამისთევათა წილს. 2018 წელს ღამისთევათა განაწილება განთავსების საშუალებების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: სასტუმრო - 39.6%; მეგობრის, ნათესავის სახლი-26.5%; საოჯახო სასტუმრო - 12.7%; ნაქირავები ბინა - 11.7%“,- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 50-150 ლარის დიაპაზონშია, 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 150-300 ლარის დიაპაზონში, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 0-150 ლარის დიაპაზონში.

ნინი ქეთელაური