Samsung-ის მსოფლიოში პირველმა კეცვადმა სმარტფონმა Galaxy Fold-მა იმ ჟურნალისტების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რომლებსაც ტელეფონი დატესტვის მიზნით გადასცეს. ჟურნალისტებმა ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოწყობილობის გატეხვის შესახებ განაცხადეს. Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანიამ სწორედ ამ განცხადებების შემდეგ გადაწყვიტა, ჰონკონგისა და შანხაის ბაზრებზე ტელეფონის გაშვება დროებით გადაედო, თუმცა თავად კომპანიაში შეფერხების მიზეზებზე არ უსაუბრიათ. გამოცემის თანახმად, პრეზენტაციის ჩატარება მიმდინარე კვირას იგეგმებოდა.
Bloomberg-ის მიმომხილველის მარკ გურმანის ინფორმაციით, პრობლემა სმარტფონის ეკრანთან იყო დაკავშირებული, რომელიც მალევე მწყობრიდან სრულად გამოვიდა. The Verge-ის ჟურნალისტმა დიტერ ბონმა კი აღნიშნა, რომ სმარტფონის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, გაჯეტის ეკრანი იმ ადგილას, სადაც ის იხრებოდა, ამოიბურცა, რამაც მისი გამრუდება გამოიწვია.
Samsung-მა კეცვადი ტელეფონი პირველად თებერვლის ბოლოს სან-ფრანცისკოში წარადგინა. კომპანიის ახალი პროდუქცია ჯიბის მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია, პლანშეტის ზომამდე გაიშალოს. აშშ-ში სმარტფონის ღირებულება 1,98 ათასი დოლარი იქნება, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონი გახდება.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა