ვანში ზარალის დამთვლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა

ვანის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

ამ ეტაპზე სპეციალისტები სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის პროექტირებაზე მუშაობენ.

ექსპერტების თქმით, ახალი ხიდის მშენებლობა დაახლოებით 300 000 ლარი დაჯდება და 2 თვეში დასრულდება. რაიონში ასევე იგეგმება ჭოკიანის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც "კვინი წყლის" ადიდების შემდეგ იმდენად დაზარალდა, რომ მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

როგორც პირველადი აღწერის შემდეგ გაირკვა, სტიქიის შედეგად დაახლოებით 8 ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს განახორციელებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობა ფულადი კომპენსაციის ნაცვლად სამშენებლო მასალებსა და სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებს.

ზარალის დამთვლელი კომისია ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრებისგან შედგება. კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე ხელმძღვანელობს.